🍁 ტუსაღობიდან ბომბარდირობამდე
➡ 1998 წლის 30 მარტს ,,ლიდსმა“ სტუმრად ,,ვესტ ჰემთან“ 0:3 წააგო. თვითმფრინავში ჯიმის გვერდით სავარძელში ჰოლანდიელივე რობერტ მოლენარი იჯდა. ხომალდის აფრენიდან მოკლე დროში ორი ყრუ აფეთქების ხმა გაისმა: ჯიმიმ დაინახა, რომ მარჯვენა ფრთას ცეცხლი ეკიდა და მშობლიურ ენაზე იყვირა - ,,Vuur! Vuur!“, შემდეგ კი მიხვდა რა, რომ მისი ენა თანაგუნდელებს არ ესმოდათ, ინგლისურად შეყვირა - ,,Fire! Fire!“
პილოტმა შეძლო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის გვერდით, მინდორში დასვა. საავარიო კარის გაღება ვერ მოხერხდა, ცეცხლი კი ძლიერდებოდა. კარის გამტვრევა მეორე მწვრთნელს, დევიდ ოლირის გამოუვიდა. ჯიმი სალონიდან გადახტა და უკანმოუხედავად მოკურცხლა ტერმინალისკენ, ისე რომ, ყველა თავისი ნივთი ცეცხლმოკიდებულ ხომალდში დატოვა.
გადავინაცვლოთ ამ ამბიდან 10 წლით ადრე, გრონინგენის ციხეში, სადაც სურინამული წარმოშობის ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი სამი თვით ჩააყუდეს, სხვა, 9 თანამზრახველთან ერთად წვრილფეხა (ძირითადად მაჯის საათებისა და მოგნიტოფონების) ქურდობისთვის. მეგობრებისგან განსხვავებით ის არ ყიდულობდა ჰაშიშს (ფეხბურთის თამაშს ხელს უშლიდა) და არ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს (ჭირივით ეშინოდა) - ჯიბით მხოლოდ ცივ იარაღს ატარებდა.
კიდევ უფრო ადრე კი, 3 წლის ასაკში, მშობლიურ პარამარიბოში მოტოციკლეტი დაეჯახა, მას კი გოგონა მართავდა, რომელიც ბედად ექიმი გახლდათ და პირველადი დახმარება ადგილზევე, სასწრაფოს მოსვლამდე აღმოუჩინა: კისერი დაუფიქსირა, ჭრილობები შეუხვია. მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა, მაგრამ პატარა ჯერელს განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, როცა ოჯახი ჰოლანდიაში, ზაანდემში გადასახლდა, აღმოჩნდა რომ ფეხი არასწორად იყო შეხორცებული. საჭირო გახდა თავიდან მისი მოტეხვა და ოპერაცია. ჰოლანდიაში გაფრენა უსახსრობის გამო ვერ შეძლო უფროსმა ძმამ აივენმა, რომელმაც სკოლა იმ წელს, 1978-ში დაამთავრა და დამ რენატემ. დედამ კი პატარა ჯერელი, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი რენატეს მხრიდან ამსტერდამში წაიყვანა. რაც შეეხება მამას, ის ჯერ კიდევ პარამარიბოში იშვიათად ეხმიანებოდა ოჯახს, რომელიც პირველ ცოლთან იყო გადასული საცხოვრებლად. დედა კი ორ ადგილზე მუშაობდა: სკოლაში ბუტერბროდებს ჰყიდდა და სხვადასხვა ადგილას დამლაგებლად. ჯერელიმ კი მამა ცამეტი წლის შემდეგ ნახა, როცა ცოტა ხნით სურინამში ჩაფრინდა. ,,18 წლის ასაკში ფულს მთხოვდა, არადა იცოდა, რომ მე ის ძალიან ცოტა მქონდა. პირველ ცოლთან დარჩენილი, სურინამიდან, დაბადების დღის მოსალოც ბარათებს მიგზავნიდა ხოლმე, მაგრამ მათ არც კი ვხსნიდი“, - იხსენებს ჯიმი ავტობიოგრაფიულ წიგნში.
1975 წელს, როცა სურინამმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჰოლანდიის დედოფალმა იულიანმა ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჰოლანდიაში გამგზავრებაზე ნება დართო. თავდაპირველად ჯერელის ოჯახი დეიდა ვილისთან სახლობდა. პატარა ჯერელის თავის და-ძმებთან ერთად იატაკზე ეძინა და როცა ეს, მუნიციპალიტეტის მუშაკმა კრაკმანმა აღმოაჩინა, დაიმუქრა, რომ მთელ ოჯახს დეპორტაციას გაუკეთებდა. დედა იძულებული იყო ძვირადღირებული ბინა (თვეში ათას გულდენად) დაექირავებინა, თუმცა ამ ქუჩაზე აღმოჩნდა, რომ ცხოვრობდა საფეხბურთო მწვრთნელი იან დე იონგი, რომელმაც პატარა ჯერელი თავის გუნდში წაიყვანა სავარჯიშოდ. დედა კი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ოპერაცია შვილისთვის ახალი გაკეთებული ჰქონდა და ამასთან, არც ფორმის ყიდვის საშუალება ჰქონდა. თუმცა დე იონგმა ორივე პრობლემა მოაგვარა: ჯერელი კარში ჩააყენა (მართალია ცოტახნით) და თავისი შვილის, არნუდის ძველი ბუცები და ფორმა გადასცა. ჯერელი თავის დედმამიშვილებზე ადრე მიეჩვია ჰოლანდიურ ამინდსაც და წეს-ჩვეულებებსაც. ჯერელი უბანში ერთადერთი შავკანიანი იყო, რომელმაც ციგებზე შედგა, რომელიც ასევე დე იონგმა უწყალობა.
სამთვიანი ტუსაღობის შემდეგ ჯერელი სკოლას შეეშვა და სათამაშოდ DWS-ში გადავიდა, სადაც მისი თანაგუნდელი ედგარ დავიდსი იყო. თუმცა, ერთხელ თანაგუნდელის საათი მოირგო მაჯაზე და ისე გამოცხადდა გუნდის ვახშამზე. ამის გამო ის დაუყოვნებლივ გარიცხეს გუნდიდან. მაგრამ მოგვიანებით DWS-ის სპონსორმა და ყვავილების მაგნატმა კრის პრაგტმა შეიწყალა ჯერელი და ის ,,ტელსტარში“ მიიყვანა, მაგრამ ჯერელი ძალიან იყო გატაცებული ქუჩის ცხოვრებით და ხშირად აგვიანებდა, ან სულაც არ მიდიოდა ვარჯიშებზე. ერთ-ერთი ასეთი საქციელის შემეგ ნილს ოვერვეგმა იგი გუნდიდან გარიცხა. ,,ალკმაარში“ ყოფნაც არ დაცალდა დიდხანს და ორი წლის თავზე იქაც დაბლოკეს. შემდეგ იყო ,,ზვოლე“ და წინადადება კვირაში 1,5 ათასი გულდენის შესახებ, მაგრამ ფეხბურთელმა 150-ის დამატება მოითხოვა, რათა გულისწორი ჯეინისთვის მანქანის ყიდვა და ბინის ქირაობა შეძლებოდა. მოლაპარაკებები ჩაიშალა: ,,ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველაზე დიდ ხელფასს იღებდეს“. ნირწამხდარმა ჰასელბაინკმა მოლაპარაკებები ჩაშალა ასევე ,,ეინდჰოვენთან“, ამავე სახელობის ქალაქის მეორე გუნდთან, განთქმული ,,პსვ ეინდჰოვენის“ შემდეგ. ჩემპიონატის წინ უგუნდოდ დარჩენილ ფეხბურთელს ნება დართეს ,,ჰაარლემში“ ევარჯიშა. თუმცა მან შიშველ ენთუზიაზმზე ვარჯიში იუარა და სეზონი გაუცდა: ერთწლიანი უქმობის შედმეგ, რომლის დროსაც ბევრი ჭმუნვა და მძიმე წუთები გადაიტანა, იგი ძველმა აგენტმა, ჰამფრი ნეიმანმა გაიხსენა და 1994 წლის ზაფხულში სამოყვარულო ,,ნერლანდიაში“ ბურთაობის დროს მოინახულა. ავსტრიულ ,,ადმირა ვაკერში“ სინჯებზე ორ თამაშში შვიდი გოლი გაიტანა, მაგრამ ტრანსფერი იმიტომ არ შედგა, რომ გუნდიდან აღარ წავიდა ძირითადი ფორვარდი ორლემანსი. ნეიმანმა საბოლოოდ პორტუგალიური ,,კამპომაიორენშე“ გამონახა.
უცნაურობები უკვე ლისაბონის აეროპორტიდანვე დაიწყო. ,,კამპომაიორენშეს“ წარმომადგენლები ელოდებოდნენ ვიღაცას, დაახლოებით ვან ბასტენის ან კრუიფის მსგავსს, თუმცა ჯერელის დანახვისას სახტად დარჩნენ: ,,თქვენ მართლა ჰოლანდიელი თავდამსხმელი ხართ?“ კლუბის მფლობელი ჟოაო ნაბეირუ კიდევ უფრო ორიგინალური იყო: ,,ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხმა გაიგოს ვინ ხართ, ამიტომაც ჩვენ ჯიმის დაგიძახებთ. ჟურნალისტები დაგიწყებენ გამოკითხვას შენი წარსულის შესახებ და არაფერი უპასუხოთ“. თუმცა, ჯიმად წოდებული ჯერელისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგი თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან, როგორც იქნა ეღირსა და ნორმალური, პროფესიონალური კონტრაქტი გააფორომა, რომლის თანახმადაც წელიწადში 30 ათასს ფუნტს გამოიმუშავებდა ხელფასის სახით და მესვეურებს ასე უთხრა: ,,როგორც გინდათ ისე დამიძახეთ“.
ასე გახდა ჯერელ ჰასელბაინკი ჯიმი.
პორტუგალიაში ჩაფრენიდან რამდენიმე კვირაში ჯიმიმ შეიტყო რომ მისი შეყვარებული ჯეინი ფეხმძიმედ არის. ფეხბურთელმა გოგონა თავისთან წაიყვანა, თუმცა მას იქ ძალიან არ მოწონა - სიცხისა და მოწყენილობის გამო ისევ უკან, ჰოლანდიაში გაფრინდა. მართალია ,,კამპომაიორენშე“ სუპერლიგიდან გავარდა, მაგრამ მისმა 12-მა გატანილმა გოლმა ,,ბოავიშტას“ ყურადღება მიიპყრო. ჯიმიმაც თანხმობა განაცხადა და თავისი გოგოც, სამი თვის შვილთან ერთად, ისევ პორტუგალიაში ჩაიყვანა. თუმცა რამდენიმე თვეში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
,,ბოავიშტაში“ მან ანგარიშგასაწევი დუეტი შექმნა ნუნუ გომეშთან ერთად. 20 გატანილი გოლით იგი ჩემპიონატში მხოლოდ ,,პორტუს“ ლეგენდარულ ფორვარდს მარიო ჟარდელს ჩამორჩა, ხოლო სწორედ ამ ლისაბონური კლუბის მაისურით ეწვია ჯიმი თბილისის ,,დინამოს“ 1996 წლის 15 ოქტომბერს უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის მატჩის სათამაშოდ, თუმცა, 65-ე წუთზე ნუნუ გომეშის მაგივრად გამოსულმა ჯიმიმ და სხვა ბოავიშტელებმაც ვერაფერი მოუხერხეს ქართველ ფეხბურთელებს და 0:1 წააგეს, თუმცა ორ კვირაში ჯიმის დუბლითა და მისი თანაგუნდელების კიდევ სამი გოლით ჩვენი ,,დინამო“ 5:0 განადგურდა. მომდევნო ეტაპზე ,,ბოავიშტა“ მილანურმა ,,ინტერმა“ 5:1 იმსხვერპლა და მწვრთნელი ზორან ფილიპოვიჩი გუნდიდან მიაბრძანეს. ახალმა მწვრთნელმა კი თასის ფინალში ჯიმი აღარ დააყენა: ,,შენ ისედაც მიდიხარ ჩვენგან, ასე რომ არ არის საჭირო შენი მოედანზე ყოფნა“ - ასე გაამართა თავის გადაწყვეტილება რუი კაშაკამ. სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელი მწვრთნელმა მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ათამაშა, ფინალი კი ,,ბოავიშტამ“ მოიგო - ,,ბენფიკა“ 3:2 დამარცხდა.
საზეიმო ვახშმის წინ, მთელი გზა გუნდი ისე გამოთვრა, რომ 18-დან 17 ფეხბურთელის წასვლას აზრი არ ჰქონდა, ხოლო დილას ისინი სადღაც ბარში იპოვნეს. საღამოს საპატიო მიღება იყო დანიშნული პორტუს მერთან. მოკლედ ამ ამბებიდან სამი კვირით ადრე ,,გიმარაეშისა“ და ,,ბოავიშტას“ თამაშზე ტრიბუნაზე ,,ლიდსის“ დამკვირვებლები იჯდნენ - ჯიმი ძალიან ნერვიულობდა, თუმცა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა და ინგლისელებმა ხელს გიმარაეშელი ბრუნუ რიბეირუც გააყოლეს.
ახალწვეულმა ჯიმიმ პირველივე თამაშში გაიტანა და თან ეს ,,არსენალის“ წინააღმდეგ შეძლო, თუმცა მოახერხა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გულისწყრომა დაიმსახურა, რადგან: ,,თქვენ მაისურზე გაწერიათ ,,ჯიმი“, თუმცა სხვა სახელი გქვიათ. გაფრთხილებთ, თუ ასეთი რამ კვლავაც განმეორდება დისკვალიფიკაციას მოგცემთ“. ამის შემდეგ, ჯიმიმ მაისურზე დედის გვარი: ჰასელბაინკი დაიწერა.
ხუთვარსკვლავიან Oulton Hall-ში დაბინავებული ჯიმი ბრწყინვალედ შეეწყო გუნდსა და რაც მთავარია პრემიერლიგას და სადებიუტო სეზონში 16 გოლი შეაგდო. ასეთმა შედეგმა გულგრილი არ დატოვა მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გამზადებული ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი გუს ჰიდინკი და ჯიმი საფრანგეთში იახლა და პირდაპირ პირველივე თამაშში ბელგიელებთან სასტარტოში, შეტევაში კლუივერტს შეუწყვილა, თუმცა შედმეგ თამაშებში მას ნაკლებად ენდობოდა - სულ ჯამში 12 წუთიღა ითამაშა. პირველობის დასრულების შემდეგ ,,ლიდსმა“ ფეხბურთელს 9 დღეზე მეტი შვებულების უფლება არ მისცა. მეორე სეზონი ჯიმიმ ბრწყინვალედ ჩაატარა და 18 გოლით მანჩესტერელ დუაიტ იორკთან და ლივერპულელ მაიკლ ოუენთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ,,ლიდსმა“ კონტრაქტის გახანგრძლივება მოისურვა, თუმცა ფეხბურთელს მადრიდის ,,ატლეტიკომ“ გაცილებით მეტი შესთავაზა და ჰოლანდიელმაც ესპანეთში გადაბარგება გადაწყვიტა. ,,ლიდსმა“ კი ფეხბურთელი სიხარბეში დაადანაშაულა, რომლის სანაცვლოდაც ესპანელებისგან 8 მილიონი ფუნტი მიიღო.
,,გაცილებით მეტ სასიამოვნო გაცილებას ველოდებოდი, ვიდრე პრეზიდენტმა პიტერ რიდსდეილმა მომიწყო. მას დიდი გავლენა ჰქონდა ,,ლიდსში“, თუმცა კლუბის ფულს ჰაერს ატანდა. თამაშებზე პირადი თვითმფრინავით დაფრინავდა, რაც წელიწადში 700 ათასი ფუნტი ჯდებოდა და 200 ათასზე მეტი ფუნტი დახარჯა რაღაც ტროპიკული თევზის გამო, რომელიც თავისი ოფისის აკვარიუმში დაცურავდა. ეს გუნდის ფული იყო და არა საკუთარი“, - დაწერა ჯიმიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში.
არანაკლებ თავქარიანი იყო ,,ატლეტიკოს“ მაშინდელი პრეზიდენტი, განთქმული ხესუს ხილი, რომელიც ფეხბურთელს რესტორნებში უფასო ვახშმებით, მარბელაში საგზურებით და თავისი ,,ფერარის“ თხოვებით ანებივრებდა. იმ სეზონში ჰოლანდიელმა 24 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველ კვირეებში თამაშებისას ძალიან ტანჯავდა მადრიდული ხვატი და ძილსაც დილის 5 სთ-ზე ახერხებდა. ჯიმი რეგულარულად იღებდა ხელფასს, თუმცა სხვა ფეხბურთელებს ასე არ უმართლებდათ და მოტივაცია უნელდებოდათ, ამიტომაც გუნდი ცუდ შედეგს აჩვენებდა, რის გამოც ცხრილში მე-17 ადგილამდე დაეშვა, ხილი საგადასახადო პრობლემების გამო იძულებული იყო თანამდებობიდან წასულიყო, ახალი მფლობელი კი მწვრთნელ რანიერის დაემუქრა: ,,თუ ,,ბეტისს“ ვერ დაამარცხებთ, დაგემშვიდობებით“. ,,მაშინ მე ახლავე წავალ. ეძებეთ ახალი მწვრთნელი“, - არც აცია და არც აცხელა იტალიელმა. მწვრთნელის შეცვლამ, რომელიც 1996 წლის დიდების შემოქმედი რადომირ ანტჩი გახლდათ ვერ უშველა წახდენილ საქმეს და გუნდი სეგუნდაში გავარდა. 13 მაისის ბოლო საშინაო მატჩში ქომაგებმა გუნდს კვერცხები დაუშინეს, რომელიც ჯიმისაც ხვდა წილად, არადა იმ წელს ბომბარდირ, რასინგელ სალვა ბალესტას ოდენ სამი გოლით ჩამორჩა.
სეზონის ბოლო აკორდიც წარუმატებელი გამოდგა, მიუხედავად ჯიმის გოლისა, ,,ატლეტიკომ“ ფინალში ,,ესპანიოლთან“ წააგო: ,,გასახდელში პირველად ვტიროდი“, - გაიხსენებს მოგვიანებით ფეხბურთელი. ჯიმიმ უკვე იცოდა, რომ მადრიდს ტოვებდა - ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მას ,,ჩელსის“ მწვრთნელმა ჯანლუკა ვიალიმ დაურეკა და უთხრა: ,,შენთან ერთად მართლა გავხდებით ჩემპიონები“.
,,გულიტის მსგავსად, ვიალიც ,,ჩელსის“ ფეხბურთელობიდან მოვიდა გუნდის მწვრთნელად. ბევრ ფეხბურთელს ის მეგობრად მიაჩნდა და თვლიდნენ, რომ ახალ ამპლუაშიც მათთან იმავე ურთიერთობას შეინარჩუნებდა. ვიალიმ ამ პრობლემას ვერ გაართვა თავი. გუნდი ორ ფრაქციად ჩამოყალიბდა: ვიალის მომხრეებად და პირიქით. ძოლა მისი ახლო მეგობარი იყო როცა ისინი მინდორზე გამოდიოდნენ, მაგრამ რაც ვიალი მწვრთნელი გახდა, რაღაც შეიცვალა. მათი მეგობრობა დასრულდა. რაღაც ამის მსგავსი მოხდა ვიალისა და დი მატეოს შორისაც“, - წერს ჯიმი თავის წიგნში.
კაპიტანი დენის უაიზი ორი დაპირისპირებული ბანაკის შერიგებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მართალია ძოლა და დი მატეო პირად ურთიერთობებს სამუშაო საქმიანობაში არ ურევდნენ, მაგრამ ფრანგ ფრანკ ლებეფთან ისეთი პირადი დაპირისპირება ჰქონდა, რომ მისი შეცვლაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ საუთგეიტი ,,ასტონ ვილამ“ არ გაუშვა. ბირმინგემელებს გაუჭირდათ კაპიტანთან განშორება. დესაის დაცვაში პანუჩი შეუწყვილა, მაგრამ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, რასაც ლებეფის ჩივილიც დაემატა, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ვიალი რანიერით შეეცვალა.
იტალიელის იტალიელით შეცვლამ მთელი რიგი სხვა დაპირისპირებები და უკმაყოფილებები მოიტანა გუნდში: დე გუიმ კარში ადგილი კუდიჩინის ,,დაუთმო“, ბოგარდს ,,იფსვიჩთან“ ერთი შეცდომა არ ეპატია და სამ წელზე მეტი სათადარიგო გუნდში ავარჯიშეს. გუნდს საშინლად არ მოსწონდა ფიტნეს-მწვრთნელის რობერტო სასის ვარჯიშობანი, რომელსაც მთლიანი გუნდი ოდნავშესამჩნევი ზიზღით ეპყრობოდა და შიგადაშიგ ხუმრობანარევ შეურაცხყოფებსაც არ ერიდებოდა - ერთი ასეთი ხუმრობისას სასიმ ფეხიც კი მოიტეხა. ასეთი ორომტრიალისა და ქაოსის მიუხედავად ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა 23 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირობა არავის დაუთმო. თუმცა ბოლო ტურის შემდეგ უკანმოუხედავად, ისე რომ ბომბარდირისთვის განკუთვნილი ოქროს ბუცის გადაცემასაც არ დალოდებია, შვებულებაში მოკურცხლა.
შემდეგ სეზონში გუნდში მეხუთე ჰოლანდიელი, ბუდევინ ზენდენი მივიდა. თუმცა ჯიმის ახლო ურთიერთობა უფრო ისლანდიელ ეიდურ გუდიონსენთან ჰქონდა, ვისთან ერთადაც კაზინოს ხშირი სტუმარი გახლდათ. ამის გამო ჰოლანდიელს ცხარე კამათები მოსდიოდა თავის გოგონა ნელისთან. შემდეგ The Sun-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაიქუხა - გუდიონსენმა კაზინოში 400 ათასი წააგო, შედმეგ ისიც გამოქექეს, რომ ჯიმი ,,ლივერპულთან“ თამაშის წინ კაზინოში იმყოფებოდა. ისლანდიელმა საჩივრისგან თავი შეიკავა, ხოლო ჰოლანდიელმა სასამართლოს მიმართა და მოიგე კიდევაც პროცესი - კომპენსირებული თანხა ჰოლანდიელმა ბავშვების იმუნოლოგიის საავადმყოფოს გადაურიცხა.
მომდევნო სეზონში ორივე თავდამსხმელმა ჯამში 37 გოლი გაიტანა, რაც ,,ჩელსის“ მიერ გატანილი გოლების ნახევარზე მეტი იყო. თან ეს ჯიმიმ მომატებული (7 კილო) წონის მიუხედავად შეძლო. ხოლო ბომბარდირთა დავაში ერთით (სულ 23 გოლი) ჩამორჩა ფრანგ ტიერი ანრის, თუმცა ჰოლანდიელმა ტრავმის გამო ბოლო ორი ტური გამოტოვა: ,,არსენალთან“ ფინალური მატჩის მეორე დღეს, ქუჩაში გადაადგილებისას უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო მარჯვენა ფეხში. ვერც ლონდონელმა და ვერც ჰოლანდიელმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბოლოს დადგინდა, რომ მარჯვენა ფეხზე სისხლის მიმოქცევა 75 პროცენტით იყო შემცირებული. ჯიმის სამთვიანი მკურნალობა დაუნიშნეს, ამასთან მკაცრად აეკრძალა თვითმფრინავით მგზავრობა.
სექტემბერში ჰასელბაინკი იშვიათად გამოდიოდა სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ გუნდს ფინანსური პრობლემებიც დაეწყო და ,,ჩელსიმ“ მისი ,,ბარსაში“ გასხვისება გადაწყვიტა, რომელსაც ვან გაალი წვრთნიდა. 2003 წლის 20 იანვარს ჯიმი ბარსაში უნდა გაფრენილიყო კონტრაქტის გასაფორმებლად. ორი დღით ადრე რანიერიმ მას ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თამაში სთხოვა. თუმცა მე-16 წუთზე ფილ ნევილმა ფეხებში ჩაარტყა და კოჭი საგრძნობლად დაუზიანა - იგი ძოლამ შეცვალა. ესპანეთში კი ,,ბარსამ“ ,,ვალენსიასთან“ წააგო და ვან გაალი მოხსნეს. ტრანსფერი ჩაიშალა, ხოლო ,,ჩელსის“ ფინანსური პრობლემები ნახევარ წელში, ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ მოგვარდა.
2003/04 წწ. სეზონის წინ რომან აბრამოვიჩი თითოეულ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის 50 ათას ფუნტს შეპირდა. გუნდში კი ერთბაშად 13 ახალი ფეხბურთელი მოვიდა, რომელთა შორის ორი ახალი ფორვარდი - მუტუ და კრესპო იყვნენ, თუმცა რანიერიმ თავიდანვე შეამჩნია, რომ მათ ურთიერთგაგება უჭირდათ და კვლავ ჰასელბაინკს დაეყრდნო, რომელმაც სეზონის საწყის 7 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
აპრილში კი გუნდი ნახევარფინალში მართლაც გავიდა და გასახდელში შესულ აბრამოვიჩს მუტუმ შეპირებულ პრემიაზე კიდევ რამდენიმე ათეული ათასის წამატება სთხოვა. თვის ბოლოს თითოეული ფეხბურთელის ანგარიშზე დამატებით ასი ათასი ფუნტი დაირიცხა.
ამ თამაშის შედმეგ მუტუმ, პირადი თვითმფრინავით ჯიმი რუმინეთში, ღამის კლუბში წაიყვანა, ჯიგრიანი მოლხენისა და გართობის შემდეგ, ისინი კომფორტულად დაბრუნდნენ ლონდონში: ,,ლონდონში ხშირად დავდიოდი გასართობად მუტუსთან და მელხიოტთან ერთად, მაგრამ ღამის სამ საათზე მე და მარიო შინ ვბრუნდებოდით ხოლმე, ხოლო მუტუ რჩებოდა, რომელსაც ლამაზი გოგები ეხვეოდნენ. იგი კალაპოტიდან ცოლთან განშორების შემდეგ ამოვარდა. როცა გავიგე, რომ ის ნარკოტიკებს მოიხმარდა, მასთან ურთიერთობას მოვუკელი. სიყმაწვილიდანვე ვიცი, თუ რას უშვება ის ადამიანს“, - აღიარა ჯიმიმ ავტობიოგრაფიაში.
მეთხე სეზონში მესამედ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს 32 წლის ფორვარდი აღარ ესაჭიროებოდა და ,,მიდლსბროში“ გადავიდა. პირველივე თამაშში ,,ჩელსის“ წინააღმდეგ ტერისთან შეჯახების შემდეგ (ჰოლანდიელს მცველის ფეხი თავში მოხვდა) თავზე 7 ნაკერი დაადეს. 2006 წელს ჯიმი ,,ბოროსთან“ ერთად უეფას თასის ფინალშიც გავიდა, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი ევროფინალი გახლდათ, თუმცა იქ, უეფას თასის (21-ე საუკუნის) საუკეთესო მპყრობელს ,,სევილიას“ დანებდა - 0:4.